კელი დეგნანი - რთული გასაგებია, ადამიანის სიცოცხლის დასაცავად საჭირო ზომები რატომ არ არის მიღებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციების შესაბამისად
კელი დეგნანი - რთული გასაგებია, ადამიანის სიცოცხლის დასაცავად საჭირო ზომები რატომ არ არის მიღებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციების შესაბამისად

რთული გასაგებია, ადამიანის სიცოცხლის დასაცავად საჭირო ზომები რატომ არ არის მიღებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით ძალიან შეშფოთებულია.

„ძალიან შეშფოთებული ვართ სააკაშვილის მდგომარეობით. როდესაც ადამიანის სიცოცხლე რისკის წინაშეა, აღარ არის საჭირო საუბარი იმაზე, რომ მიღებული უნდა იყოს შეძლებისდაგვარად ყველა ზომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საჭირო მკურნალობა. უდიდესი ნდობას ვუცხადებთ სახალხო დამცველს, მის გუნდს და სამედიცინო ჯგუფს, რომელიც მუშაობს მისი ეგიდით. მათი შეფასებაა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არის კრიტიკული და მას სჭირდება სრული მკურნალობა, რომ ის, რაც მოხდა, აღარ განმეორდეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, თუ არ არის შესაბამის დაწესებულებაში. ამ საკითხს დიდ ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ საელჩო, არამედ ვაშინგტონიც და საქართველოს სხვა მეგობრებიც, როგორიცაა ელჩი იან კელი, რომელიც აკვირდება სიტუაციას შეშფოთებით. რთულია იმის გაგება, რომ ის ზომები, რომლის მიღება საჭიროა ადამიანის სიცოცხლის დასაცავად, რატომ არ არის მიღებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციების შესაბამისად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისი თქმით, საქართველოს სახალხო დამცველი და მისი გუნდი აკეთებენ იმას, რისი გაკეთების უფლებასაც აძლევს საქართველოს კონსტიტუცია და აღნიშნა, რომ ის იმსახურებს შექებას და არა კრიტიკას.

„მცდელობა, რომ ძირი გამოუთხარონ ან დაემუქრონ სახალხო დამცველის ოფისს, უბრალოდ მიუღებელია. სახალხო დამცველი და მისი გუნდი აკეთებენ იმას, რისი გაკეთების უფლებასაც აძლევს საქართველოს კონსტიტუცია. ისინი არიან ადამიანის უფლებების დამცველები საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ასრულებენ შესანიშნავ სამუშაოს ინტენსიური ზეწოლის ქვეშ, რათა უზრუნველყონ ზუსტი, მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაცია, რომელიც სჭირდება საქართველოს მოქალაქეებს. ამის სერიოზული ნაკლებობაა და სახალხო დამცველის ოფისი აღრმავებს თავის როლს პროფესიონალურად, მიუკერძოებლად და ვფიქრობ, სრულიად შთამბეჭდავად. სწორედ ამიტომ ვუცხადებთ უდიდეს ნდობას იმ საქმეში, რასაც სახალხო დამცველის გუნდი აკეთებს, შეფასებებს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, დაეყრდნონ, როგორც ობიექტურ და ზუსტ ინფორმაციას. სახალხო დამცველი იმსახურებს დიდ მხარდაჭერას. ის იმსახურებს შექებას და არა კრიტიკას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.