კელი დეგნანი - მოხარული ვარ, რომ სააკაშვილს აქვს სასამართლოში მისვლის შესაძლებლობა, ვიმედოვნებ, მისი მხარდამჭერები პასუხისმგებლიანად მოიქცევიან
კელი დეგნანი - მოხარული ვარ, რომ სააკაშვილს აქვს სასამართლოში მისვლის შესაძლებლობა, ვიმედოვნებ, მისი მხარდამჭერები პასუხისმგებლიანად მოიქცევიან

საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, მოხარული არიან, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას აძლევს, დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწროს.

მისივე თქმით, სამართლიანი სასამართლოს უფლება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულია.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ ბატონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას საშუალებას აძლევს, დაესწროს მისი საქმის მოსმენას. ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე, როგორც სხვები, მოვუწოდებდით, რომ მას ჰქონოდა შესაძლებობა, დასწრებოდა სასამართლოს, თუ ამის სურვილი ჰქონდა სამართლიანი სასამართლოს უფლების ფარგლებში. ეს არის ის, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, რომ ყველას აქვს სამართლიანი სასამართლოს, მათ შორის სასამართლოზე დასწრების უფლება, თუ ამის სურვილი აქვთ. მოხარული ვარ, რომ მას აქვს მისვლის შესაძლებლობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამასთან, ელჩის განმარტებით, იმედი აქვს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები  პასუხისმგებლიანად იმოქმედებენ.

„ვიმედოვნებ, მისი მხარდამჭერები პასუხისმგებლიანად მოიქცევიან. მათ რა თქმა უნდა, აქვთ მშვიდობიანი პროტესტის უფლება, მაგრამ მთავარი სიტყვა აქ „მშვიდობიანია“ და იმედი მაქვს, ისინი არ ჩაერევიან სამართალწარმოებაში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ სცენარში“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. არსებული ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკვე გადაყვანილია სასამართლოს შენობაში.

დღევანდელი სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეს ეხება. 7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.