კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა სასამართლო გადაწყვეტილების თუ განაჩენის მიმართ, არ არსებობდეს თუნდაც აღქმა, რომ რაღაც საკითხი იყო პოლიტიზებულად გადაჭრილი
კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა სასამართლო გადაწყვეტილების თუ განაჩენის მიმართ, არ არსებობდეს თუნდაც აღქმა, რომ რაღაც საკითხი იყო პოლიტიზებულად გადაჭრილი

ძალიან მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს თუნდაც აღქმა, რომ რაღაც საკითხი იყო პოლიტიზებულად გადაჭრილი, ასევე არ არსებობდეს შერჩევითი გამოძიების თუ სისხლის სამართლებრივი დევნის აღქმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.

ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ დასმულ კითხვაზე კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ვერ გააკეთებს კომენტარს უშუალოდ საქმის შინაარსზე, თუმცა მისი თქმით, ამ საქმემ დასაწყისიდანვე წარმოშვა მრავალი კითხვა დროის გარემოებასთან, ასევე ბრალდებებთან დაკავშირებით.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ზოგადად საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა სასამართლოს გადაწყვეტილების თუ განაჩენის მიმართ. ეს ნდობა რომ არსებობდეს, ამისთვის უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ამ პროცესში არ იყო რაიმე პოლიტიკური ჩართულობა, არ იყო პოლიტიზება და იყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი გადაწყვეტა. თუნდაც ის ფაქტი, რომ არსებობს აღქმა, რომ პროცესში გარკვეულწილად არის შერჩევითი სამართალი, ესეც მოქმედებს საზოგადოების ნდობაზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, დღევანდელი ღონისძიება, რომელსაც ესწრება, სწორედ იმაზე ხაზგასმას ემსახურებოდა, რომ საჭიროა, კვლავ გაგრძელდეს რეფორმები, რომლებმაც უნდა გააძლიეროს, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გახადოს სასამართლო სისტემა.

„20 წელია, ამ მიმართულებით ვმუშაობთ, რაც გულისხმობს ძლიერი სასამართლო სისტემის შექმნას. ეს სამუშაო უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეში იყო რამდენიმე ეტაპი.

„ამ საკითხს დიდი ხანია, თვალყურს ვადევნებდით, იყო რამდენიმე ეტაპი. ჩვენ არ ვყოფილვართ ერთადერთები, ვისაც ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა. სახალხო დამცველმა დასვა კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით, ასევე სხვებმაც, ვინც მონიტორინგს უწევდა ამ საქმეს წლების განმავლობაში. აქ მთავარი საკითხია, რომ როდესაც საზოგადოებას აქვს გარკვეული ეჭვი და ნაკლები ნდობა აქვს ამ გადაწყვეტილების მიმართ, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიღებულ იქნას ძალიან მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ, რათა საზოგადოებას არ დარჩეს ეჭვები კონკრეტული საკითხის და ზოგადად, სასამართლო სისტემის მიმართ. განსაკუთრებით. როდესაც საქმეში ჩართულია მედიაორგანიზაცია, ეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს, რადგან ორი ძირითადი, ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპი დგება დღის წესრიგში, ეს არის მედიათავისუფლება და ადამიანის უფლება სამართლიან სასამართლოზე. სწორედ ამიტომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, როდესაც საქართველოში მარტივად ხდება ხოლმე ერთმანეთთან დაპირისპირება და ერთმანეთის აზრის არგათვალისწინება. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ფუნდამენტური პრინციპები იქნას დაცული და არ არსებობდეს თუნდაც აღქმა, რომ რაღაც საკითხი იყო პოლიტიზებულად გადაჭრილი, ასევე არ არსებობდეს შერჩევითი გამოძიების თუ სისხლის სამართლებრივი დევნის აღქმა. სწორედ ამ პროცესების გაუმჯობესება სჭირდება საქართველოს, რათა იყოს წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ ყველას სურვილი გვაქვს, რომ ეს წარმატება ვიხილოთ. ამისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად. ძირითადი და მთავარი ამ პროცესში კვლავ რჩება არსებითი რეფორმების გატარება, რაც ხელს შეუწყობს ამ დემოკრატიული პრინციპების დაცვას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა, კახაბერ დამენიას 50 000 ლარის ჯარიმა დააკისრა, ზურაბ იაშვილი კი გაამართლა.