კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია, მხარეებმა იმუშაონ საარჩევნო რეფორმაზე, რათა ადგილობრივი არჩევნები ამომრჩევლის სრული ნდობის პირობებში ჩატარდეს
კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია, მხარეებმა იმუშაონ საარჩევნო რეფორმაზე, რათა ადგილობრივი არჩევნები ამომრჩევლის სრული ნდობის პირობებში ჩატარდეს

მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტზე ხელმოწერების შემდეგ ყველა პარტიამ, პარლამენტის ინდივიდუალურმა წევრებმა გადადგან პარლამენტში შესვლის ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

დეგნანი შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმებას და ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის საკითხს გამოეხმაურა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ნიკა მელიას გათავისუფლებით, რომელიც ერთ-ერთი ბირთვი იყო ამ შეთანხმებისა, რაც 19 აპრილს იქნა ხელმოწერილი. მნიშვნელოვანია, რომ შემდგომ განვითარდეს ეს პროცესი და ყველა პარტიამ, პარლამენტის ინდივიდუალურმა წევრებმა გადადგან შემდეგი ნაბიჯი და მიიღონ პარლამენტის წევრობა. ვიცი, რომ მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო რეფორმაზე. მისასალმებელია ის, რომ გაგრძელდეს ეს პროცესი და იმუშაონ მხარეებმა, რათა ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს ამომრჩევლის სრული ნდობის პირობებში“,- განაცხადა დეგნანმა.

მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი იყო სასამართლო რეფორმა.

„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ნდობით სარგებლობდეს სასამართლო პროცესი და მთლიანობაში მართლმსაჯულება. ზუსტად ამიტომ მოვუწოდებთ პარტიებს და ეს იყო ჩვენი გზავნილი არჩევნების დღიდან მათდამი, რომ შესულიყვნენ პარლამენტში და პარლამენტის ჭერქვეშ გაეგრძელებინათ მუშაობა ესოდენ მნიშვნელოვანი სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესდეს, რათა ეს სისტემები ყოფილიყო ნდობით მოსარგებლე პოლიტიკური პარტიებისა და საქართველოს მოქალაქეების მხრიდან“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

ამასთან, ელჩის თქმით, მათი გზავნილი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანი და ნება ყოფილიყო გამოხატული, პარტიები შესულიყვნენ პარლამენტში და იქ გაეგრძელებინათ მუშაობა.

„თანმიმდევრული იყო ჩვენი გზავნილი, როდესაც მოვუწოდებდით, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევანი და ნება ყოფილიყო გამოხატული, შესულიყვნენ პარტიები და მათი წევრები პარლამენტში და იქ გაეგრძელებინათ ის რთული სამუშაო, რომელიც უკავშირდება შემდგომი რეფორმების განხორციელებას, რომელიც აისახა კიდეც შეთანხმებაში. ეს უზრუნველყოფდა აგრეთვე მრავალპარტიულ პარლამენტს. ეს იყო ზუსტად ის, რაც გასული წლის ოქტომბერში საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიეს და მისცეს ხმას იმას, რომ საპარლამენტო მუშაობა გაგრძელებულიყო“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

დატოვე კომენტარი