კელი დეგნანი - გთხოვთ, მიხვიდეთ არჩევნებზე, მისცეთ ხმა, ატაროთ ნიღბები და დაიცვათ სოციალური დისტანცია
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამერიკის შეერთებულ შტატების ელჩს, კელი დეგნანსა და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას შორის შეხვედრა დასრულდა.
კელი დეგნანმა და თამარ ჟვანიამ კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს.
შეხვდრის დასრულების შემდეგ, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების უსაფრთხოდ ჩასატარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
ამასთან, მან სთხოვა ამომრჩევლებს, მივიდნენ არჩევნებზე, მისცენ ხმა, ატარონ ნიღბები და დაიცვან სოციალური დისტანცია.
„გილოცავთ. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევანი ხალხისთვის.
მე მოვედი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რადგან დღევანდელი არჩევნები ამ ჯგუფის მიერაა ორგანიზებული და ის არის პასუხისმგებელი არჩევნების ადმინისტრირებაზე, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი სამუშაო. ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხი პატივს სცემს იმ კარგ სამუშაოს, რომელიც ცესკო-მ შეასრულა, რათა უზრუნველყო, რომ მათ დღეს ხმის მიცემა უსაფრთხოდ და მშვიდად შეძლებოდათ. „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ზომების დასაცავად მასშტაბური მზადებაა, რათა თქვენ ხმის მიცემა უსაფრთხოდ შეძლოთ.
აშშ-ის საელჩოს 75-მდე წარმომადგენელი მთელი ქვეყნის ფარგლებში აკვირდება საარჩევნო უბნებს. ძალადობისა და დაშინების ადგილი არ არის და ჩვენ, როგორც დამკვირვებლები, ამგვარ საკითხებს დავაკვირდებით. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაიკეთეთ პირბადე, დაიცავით სოციალური დისტანცია, მიდით და გააკეთეთ თქვენი არჩევანი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.