კელი დეგნანი - ძალიან პოზიტიურია, რომ ოპოზიცია და მმართველი პარტია აწარმოებდნენ მოლაპარაკებას რეზოლუციის ტექსტზე, საჭიროა ძლიერი გზავნილი, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას
ძალიან პოზიტიურია, რომ ოპოზიცია და მმართველი პარტია აწარმოებდნენ მოლაპარაკებას რეზოლუციის ტექსტზე, საჭიროა ძლიერი გზავნილი, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ არის ძალზედ დაძაბული დრო და მნიშვნელოვანი მომენტი ყველა ქვეყნისთვის.
„ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ყველა ქვეყნისთვის. ეს არის დრო, როდესაც ჩვენ ვდგავართ ერთად და ვგზავნით მკაფიო შეტყობინებას რუსეთის მისამართით, რომ ჩვენ დავიცავთ ევროპული უსაფრთხოების პრინციპებს, რომელმაც შეინარჩუნა ევროპის სტაბილურობა 30 წელზე მეტი ხნის განმვლობაში. გზავნილი საქართველოდან, უკრაინიდან, ნატო-ს მოკავშირეებისგან და აშშ-ისგან საკმაოდ ნათელი იყო, რომ ჩვენ ვდგავართ ერთად და წინააღმდეგობას გავუწევთ იმ კრიზისს, რომლის შექმნასაც რუსეთი ცდილობს. ცხადია, ამ კრიზისს რუსეთი ქმნის. ეს არის ძალისხმევა, რომ შეიცვალოს 30-წლიანი სტაბილურობა და კეთილდღეობა ძალის გამოყენების მუქარით.
რაც შეეხება რეზოლუციას, მე არ მინახავს პროექტი, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან პოზიტიურია, რომ ოპოზიციური პარტიები და მმართველი პარტია აწარმოებდნენ მოლაპარაკებას ტექსტზე და ყველას შეუძლია მხარდაჭერა, რადგან საჭიროა ძლიერი განცხადება და გზავნილი, რომ ევროპული უსაფრთხოების პრინციპებს და უკრაინას საქართველო მხარს უჭერს. ძალიან დაძაბული დროა. დარწმუნებული ვარ, შედეგი იქნება ისეთი, რითაც ქართველები იამაყებენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.