საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. ოპოზიციის წევრებს კელი დეგნანი და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი ხვდებიან.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, შეხვედრაზე უკვე შევიდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები – ხათუნა სამნიძე, სალომე სამადაშვილი, ზურა გირჩი ჯაფარიძე, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ნათია მეზვრიშვილი.
როგორც შესვლამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, საუბარი იქნება ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური ვითარებაა შექმნილი და მათი მიზანია, ამის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდონ.
„ვისაუბრებთ მიმდინარე ვითარებაზე, ეს იქნება ჩვენი მთავარი განხილვის საკითხი. ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებაში შექმნილ საფრთხეებზე იქნება საუბარი. ასევე, ცხადია, მნიშვნელოვანია, განვიხილოთ სტრატეგიული საკითხები, რაც უკავშირდება ჩვენს ურთიერობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც დემოკრატიული რეფორმების, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით.
ჩემთვის დღევანდელი შეხვედრის ორი მთავარი თემაა – პირველი, ეს არის სასამართლო სისტემა და კლანის მმართველ მოსამართლეებთან მიმართებაში რეალურად სანქციების შემოღებაზე მსჯელობის დაწყება და მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უნდა მიიღოს პარლამენტმა, რაც არის „ქართული ოცნების“ ვალდებულება, რომელიც აღებული აქვს „ქართულ ოცნებას“ და უნდა შესრულდეს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.