კელი დეგნანი - აგროტურიზმში საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია  
კელი დეგნანი - აგროტურიზმში საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია  

აგროტურიზმში საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომელიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ პანელურ დისკუსიას – „პანდემია შესაძლებლობა თუ გამოწვევა აგროსექტორისთვის“ დაესწრო.

„საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია, კერძოდ, აგროტურიზმში. ეს ამის შესანიშნავი მაგალითია. ონლაინ პლატფორმის agrogate.world-ის ამუშავება დააკავშირებს ტურისტებს იმ შესაძლებლობებთან, რომელთაც მათ სთავაზობენ, განსაკუთრებით სოფლად. ეს შესანიშნავი მაგალითია, როდესაც ტურისტები დაიწყებენ შემოსვლას. ვფიქრობ, ეს არის ინოვაციური ციფრული პლატფორმა, რომელიც გზას გაუხსნის საქართველოს აგროტურიზმისა და ტურიზმის აღდგენას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, პანელური დისკუსია – „პანდემია შესაძლებლობა თუ გამოწვევა აგროსექტორისთვის“ იმართება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა აგროტურისტული ონლაინპლატფორმის agrogate.world-ის პრეზენტაცია, რომელშიც გაერთიანებულია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის აგროტურისტული ობიექტები.

ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, ონლაინ პლატფორმის agrogate.world საშუალებით ტურისტს შესაძლებლობა ექნება, დაჯავშნოს აგროტურისტულ ობიექტში როგორც განთავსების, ასევე მასტერკლასებში მონაწილეობის სერვისი. ვებგვერდზე ფოტო მასალასთან ერთად განთავსდება ორ ენაზე შექმნილი ვიდეოები, რაც მომხმარებელს გაუმარტივებს ამა თუ იმ ობიექტის შესახებ ინფორმაციის მოძიებას.

ღონისძიებას ესწრებიან მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის, აგროტურისტული ობიექტებისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.