კეინი „ბაიერნის“ ყველაზე გავლენიანი მოთამაშე გახდა კიმიხთან და მიულერთან ერთად #1TVSPORT
კეინი „ბაიერნის“ ყველაზე გავლენიანი მოთამაშე გახდა კიმიხთან და მიულერთან ერთად #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების ფორვარდი ჰარი კეინი სწრაფად გახდა „ბაიერნის“ ერთ-ერთი ლიდერი.

როგორც გაზეთი Bild წერს, კეინი, რომელიც მიუნხენურ კლუბს აგვისტოში შეუერთდა, მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცა გუნდის გასახდელში და ამ მხრივ გაუთანაბრდა თომას მიულერსა და იოზუა კიმიხს. ისინი „ბაიერნის“ ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. კლუბში ფორმალობას უწოდებენ გუნდის საბჭოში კეინის შეყვანის საკითხს. ინგლისელი მზად არის აიღოს საკუთარ თავზე ასეთი პასუხისმგებლობა.

გუნდში მანუელ ნოიერის როლი შემცირდა, რადგან მას „ბაიერნში“ 2022 წლის ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. დღეს ის არ შედის გერმანიის ჩემპიონის ყველაზე გავლენიან ფეხბურთელებს შორის.

ასევე დიდია გუნდზე გავლენა კიდევ ერთი ახალბედას მინ-ჟაე კიმის მხრიდან. ის მიჩვეული იყო „ნაპოლიში“ ლიდერის როლს, ამიტომაც „ბაიერნში“ გადასვლის მომენტიდან განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. კიმის რჩევებს ჯამალ მუსიალაც კი უგდებს ყურს. „ბაიერნში“ ყველას მოსწონს კორეელი მცველის ზედმიწევნითობა.

შემცირდა „ბაიერნში“ ლეონ გორეტცკას გავლენა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თომას ტუხელმა ის სეზონისწინა მზადებისას თადარიგში დასვა, ჰანს-დიტერ ფლიკმა კი ნაკრებში არ გამოიძახა. მიუხედავად ამისა, გორეტცკას სიტყვას წონა აქვს გასახდელში. ნაწილობრივ – მისი ახლო ურთიერთობების გამო კიმიხთან.