„კავკასუს ონლაინსა“ და „რკინიგზის ტელეკომს“ შესაძლოა, ავტორიზაცია შეუჩერდეთ
„კავკასუს ონლაინსა“ და „რკინიგზის ტელეკომს“ შესაძლოა, ავტორიზაცია შეუჩერდეთ

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კომპანიები „კავკასუს ონლაინი“ და „რკინიგზის ტელეკომი“ დაჯარიმდნენ.  შპს „კავკასუს ონლაინს“ 90 000 ლარის, ხოლო შპს „რკინიგზის ტელეკომს“ 63 930 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

კომისია განმარტავს, რომ საქმე ეხება კომპანიების წილების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებას. უწყებამ ავტორიზებულ პირებს წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება უკვე მესამედ დაავალდებულა და ვადად 22 თებერვალი განუსაზღვრა.

„იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები აღნიშნულ ვალდებულებას არ შეასრულებენ, შესაძლოა, დღის წესრიგში კომპანიების ავტორიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს.

აღნიშნული ვალდებულების დარღვევის გამო, კომისიამ კომპანიები 12 დეკემბერს 30-30 ათასი ლარით დააჯარიმა და სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ვადა განუსაზღვრა. „კავკასუს ონლაინი“ და „რკინიგზის ტელეკომი“ ვალდებული იყვნენ, 18 იანვრამდე, წილების გასხვისებამდე, არსებული მდგომარეობა აღედგინათ და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარედგინათ. თუმცა, კომპანიების მხრიდან აღნიშნული ვალდებულება უკვე მესამედ არ შესრულდა“, – ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი, ან დენადი ხასიათის დარღვევის გამო, კომპანიებს ფულადი ჯარიმა ეკისრებათ. შესაბამისად, 6 თებერვალს გამართულ სხდომაზე, კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ 90 000 ლარის, ხოლო შპს „რკინიგზის ტელეკომს“ 63 930 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.