საქართველოში ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კაუპო კანდი აცხადებს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება აქტიურ ფაზაშია, თუმცა კონფიდენციალობიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის გამოძიების დეტალებზე ინფორმაცია შეზღუდულია. კანდის თქმით, გამოძების ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში არაერთი ღონისძიება გატარდა, რომლებმაც შესაბამისი შედეგები მოიტანა.
„ფაქტია, რომ გამოძიება გრძელდება და საქართველოში ჩამოდიან გამომძიებლები, თუმცა პროცესის მიმდინარეობა კონფიდენციალურად რჩება. ამიტომაც, გამოძიებაზე საჯარო ინფორმაცია არ არსებობს. ჩვენთვის უცნობია კონკრეტული ვადები, გამოძიება წაიღებს იმდენ დროს, რამდენიც მტკიცებულებების მოძიებაში თავად პროკურორის ოფისს დასჭირდება.
იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ პროცესის კეთილსინდისიერება და ადამიანების უსაფრთხოება, ყველა გამოძიების თითოეული ასპექტი კონფიდენციალურად უნდა დავტოვოთ. პირადად ჩვენ, სასამართლოს თბილისის წარმომადგენლობა ICC-ის რეგისტრატურას წარმოადგენს და უბრალოდ, ადმინისტრაციულ დახმარების ნაწილში ვერთვებით და არა გამოძიებაში, რაც პროკურორის ოფისის კომპეტენციაა. ჩვენ ვართ ნეიტრალური მხარე, ვხვდებით მედიას, არასამთავრობო სექტორსა თუ დიპლომატებს, რათა გავაცნოთ თუ რას უნდა ელოდონ პროცესისგან“, – აღნიშნა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას კანდმა.
საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ წარმომადგენლობა 2017 წლის დეკემბერში გახსნა, რომლის ძირითადი საქმიანობაც უფრო მეტად ტექნიკურია. ოფისის წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჩადიან და მოსახლეობას ხვდებიან. ბოლო სიახლეების გასაცნობად შეხვედრებს მართავენ ხელისუფლებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებთან, რათა განახლებული ინფორმაცია მიაწოდონ.