კატერინა საკელაროპულუ - საბერძნეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
კატერინა საკელაროპულუ - საბერძნეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან შეხვედრის საშუალება მაქვს, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, – ამის შესახებ საბერძნეთის პრეზიდენტმა, კატერინა საკელაროპულუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

საბერძნეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ისტორიულ კავშირებსა და მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებს.

ამასთან, აღინიშნა, რომ საბერძნეთი ყურადღებით აკვირდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.

შეხვედრის დროს ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს საქართველოსა და საბერძნეთის ორმხრივ ურთიერთობებს.

„ვაფასებთ, რომ ჩვენს ხალხებს შორის არის ძალიან თბილი ურთიერთობები. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა, რათა კიდევ უფრო დავაახლოოთ ჩვენი ხალხი ერთმანეთს, ჩვენი ქვეყნების კულტურა კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ. დარწმუნებული ვარ, ამ კუთხით უახლოეს პერიოდში საინტერესო და კონკრეტული ნაბიჯები გვექნება“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთან, ილია დარჩიაშვილმა კატერინა საკელაროპულუს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

15-16 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საბერძნეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრები გამართა საბერძნეთის პრეზიდენტთან, კატერინა საკელაროპულუსთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნიკოს დენდიასთან.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.