კატარის სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მთავარი საფრთხეა
კატარის სახელმწიფო მინისტრი მოჰამედ ბინ აბდულაზიზ ალ-ხულაიფი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგისთვის მთავარ საფრთხეს უწოდებს.
კატარის მთავრობის წარმომადგენელმა სტატია გამოაქვეყნა „ვაშინგტონ პოსტში“, სადაც წერს, რომ კატარის ტერიტორიაზე ისრაელის მიერ „ჰამასის“ ლიდერებზე თავდასხმა დიპლომატიაზე თავდასხმაა.
კატარის სახელმწიფო მდივნის თქმით, ბენიამინ ნეთანიაჰუ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მთავარი საფრთხეა. მოჰამედ ბინ აბდულაზიზ ალ-ხულაიფი ამტკიცებს, რომ თანამედროვე მეხსიერებაში არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ მოლაპარაკების მხარე შუამავალ ქვეყანას დაესხას თავს, მისი შეფასებით, ამ დარტყმამ დაარღვია საერთაშორისო სამართალში გათვალისწინებული სუვერენიტეტისა და ჩაურევლობის ყველაზე ძირითადი პრინციპები.
„ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ შემოთავაზებული გამართლებები, კატარზე თავდასხმის შედარება ამერიკის მიერ ოსამა ბინ ლადენის დევნასთან, საფრანგეთის მიერ აფრიკაში განხორციელებულ ამბოხებულთა ოპერაციებთან და ბრიტანეთის როლთან „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ინფორმაციის დამახინჯება და გადახრაა. შეერთებულ შტატებს არასდროს დაუბომბავს „თალიბანის“ ოფისი დოჰაში, როდესაც ის ჯგუფთან მოლაპარაკებას აწარმოებდა კატარის შუამავლობით. თუ შუამავლების დაუსჯელად დაბომბვა შეიძლება, მაშინ ვინ უმასპინძლებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს? დიპლომატიის უსაფრთხო არხების გარეშე ომი ერთადერთ ვარიანტად იქცევა, ცივილიზაცია უკან დაიხევს და კანონის უზენაესობას უხეში ძალა შეცვლის“, – წერს კატარის სახელმწიფო მინისტრი.