კატარი ტოვებს უფლებას, „ისრაელის დარტყმას უპასუხოს და საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის ბენიამინ ნეთანიაჰუს პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს“
კატარი ტოვებს უფლებას, „ისრაელის დარტყმას უპასუხოს და საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის ბენიამინ ნეთანიაჰუს პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს“

კატარის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანი აცხადებს, რომ ქვეყანა იტოვებს უფლებას, ისრაელის დარტყმას უპასუხოს და საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.

პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ისრაელის მიერ დოჰაში „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე მიტანილ იერიშს „სახელმწიფო ტერორიზმის აქტი“ უწოდა.

მომხდართან დაკავშირებით, კატარის ხელისუფლების მოთხოვნით, რამდენიმე საათში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება. ოფიციალური დოჰა აცხადებს, რომ ისრაელის ქმედებებს და რეგიონული უსაფრთხოების დარღვევას არ შეეგუება.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელის უსაფრთხოების პოლიტიკა ნათელია და ყველა ის პირი, რომელიც 7 ოქტომბრის მოვლენებთან თანამშრომლობდა, სრულად აგებს პასუხს. კაცის თქმით, დარტყმა განხორციელდება ყველაზე, ვინც ისრაელის წინააღმდეგ ტერორს ახორციელებს.

ცნობისთვის, 9 სექტემბერს ისრაელმა კატარში „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე მიიტანა იერიში. „ჰამასის“ განცხადებით, თავდასხმის დროს სულ ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ორგანიზაციის ხუთი წევრი. აღსანიშნავია, რომ კატარის დედაქალაქი დოჰა მხარეებს შორის მოლაპარაკებების ადგილი იყო.