კატარი უარყოფს ირანის ბრალდებას სამი ირანელი სამხედრო მფრინავის თვეების განმავლობაში დაკავების შესახებ
კატარი უარყოფს ირანის ბრალდებას სამი ირანელი სამხედრო მფრინავის თვეების განმავლობაში დაკავების შესახებ.
„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ირანელი პილოტების დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებს და გაკვირვებულები ვართ ამ კონკრეტულ დროს, რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევისა და ინიციატივების ფონზე, გავრცელებული ამ შეცდომაში შემყვანი განცხადებებით“, – განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ.
უარყოფა მას შემდეგ მოხდა, რაც ირანის შეიარაღებული ძალების დაკარგული პირების სამძებრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, სეიდ მოჰამედ ბაღერზადემ, „წითელი ჯვრისადმი“ გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ კატარს ეკიპაჟის სამი წევრი თვეების განმავლობაში ჰყავდა დაკავებული.
ბაღერზადემ განაცხადა, რომ კატარში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შემდეგ ორი ირანული „სუ-24“ ბომბდამშენი ჩამოაგდეს. ბაღერზადეს თქმით, სამმა ირანელმა პილოტმა კატაპულტირება განახორციელა, ერთი კი საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.
ალ-ანსარიმ ასევე განაცხადა, რომ კატარის სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა პილოტების ნეშტი მოძებნეს და ერთ-ერთი პილოტის ნეშტის გადაცემის კოორდინაციის მიზნით ირანთან ისაუბრეს. მისი თქმით, კატარმა აპრილში ირანს ოპერაციების დეტალების შესახებ ინფორმაციის გადაცემა შესთავაზა, თუმცა პასუხი არ მიუღია.
ირანში კი ამბობენ, რომ მფრინავები კატარის ძალებმა დააკავეს და „დიპლომატიური ძალისხმევის“ მიუხედავად, მათ არ მისცეს ვიზიტებისა და შეხვედრების უფლება.