კატარი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქვეყანამ ირანს, სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ, 12 მილიარდი დოლარის ოდენობის გაყინული აქტივების გათავისუფლება შესთავაზა
კატარი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქვეყანამ ირანს, სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ, 12 მილიარდი დოლარის ოდენობის გაყინული აქტივების გათავისუფლება შესთავაზა

კატარი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ქვეყანამ ირანს, სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ, 12 მილიარდი დოლარის ოდენობის გაყინული აქტივების გათავისუფლება შესთავაზა. ინფორმაციას ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა.

„ცნობები, რომლის თანახმადაც, კატარის სახელმწიფომ ირანს 12 მილიარდი დოლარი „შესთავაზა“ სამშიდობო შეთანხმების დადების უზრუნველსაყოფად, სრულიად უსაფუძვლოა და ვრცელდება იმ მხარეების მიერ, რომლებიც ცდილობენ იმ შეთანხმების ჩაშლას და დიპლომატიური ძალისხმევისთვის ძირის გამოთხრას, რომლის მიზანია დაძაბულობის შემცირება და რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობა“, – აცხადებენ ქვეყნის საგარეო უწყებაში.

მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებების ფარგლებში ირანი ბოლო პერიოდში აქტიურად მოითხოვს, რომ ნებისმიერი შეთანხმების ნაწილად მილიარდობით ფუნტის ოდენობის გაყინული აქტივები გათავისუფლდეს. როგორც „სქაი ნიუსი“ წერს, კატარი ვაშინგტონსა და თეირანს შორის შუამავლის როლში ახლახან ჩაერთო, პაკისტანი კი ომის უმეტესი დროის განმავლობაში ამ როლის შესრულებას ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს.