კატარი 2022 | ზლატკო დალიჩმა კანადის ნაკრების მწვრთნელს უპასუხა - დრო დაგჭირდება, ბევრი რამ უნდა ისწავლო #1TVSPORT
კატარი 2022 | ზლატკო დალიჩმა კანადის ნაკრების მწვრთნელს უპასუხა - დრო დაგჭირდება, ბევრი რამ უნდა ისწავლო #1TVSPORT

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა განაცხადა, რომ მისმა კოლეგამ, კანადის ნაკრების მწვრთნელმა ჯონ ჰერდმანმა, თამაშის მერე ხელი არ ჩამოართვა.

ხორვატიამ კანადა 4:1 დაამარცხა და მეტოქეს ჯგუფიდან გასვლის შანსი არ დაუტოვა. თამაშის დაწყებამდე ჰერდმანმა მეტოქისადმი (რომელიც მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონია) უპატივცემულობა გამოავლინა, როდესაც წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა – „მოედანზე უნდა გავიდეთ და ხორვატიას გადავუაროთ“.

„მინდორზე გავედი, რათა ჩემი ფეხბურთელებისთვის მოგება მიმელოცა. მეტოქის მწვრთნელი კი არ მინახავს. შედეგის მიუხედავად, მეტოქის მწვრთნელს ყოველთვის ხელს ვართმევ. აშკარაა, რომ ჰერდმანი გაბრაზებულია. ის კარგი მწვრთნელი და პროფესიონალია, მაგრამ გარკვეული დრო დასჭირდება, რომ რაღაცები ისწავლოს“ – ციტირებს დელიჩის სიტყვებს AFP.

ამ თემაზე კომენტარი ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელმა ანდრეი კრამარიჩმაც გააკეთა, რომელმაც კანადის ნაკრებთან დუბლი შეასრულა. მან აღნიშნა, რომ მეტოქე ნაკრების მთავარი მწვრთნელის სიტყვები, ხორვატი ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია აღმოჩნდა: „ხორვატიამ აჩვენა, ვინ ვის „გადაუარა“, მინდა მადლობა გადავუხადო კანადის ნაკრების მწვრთნელს ასეთი მოტივაციისთვის.“