კატარი 2022 | ზღაპრულ პრემიებზე გავრცელებული ინფორმაცია ჭორი აღმოჩნდა - საუდის არაბეთის ნაკრების ფეხბურთელებს ძვირფასი საჩუქრები არ მიუღიათ #1TVSPORT
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში, საუდის არაბეთის არგენტინასთან გამარჯვება (2:1), მიმდინარე ტურნირის ერთ-ერთ უდიდეს სენსაციად მოინათლა. საუდის არაბეთი „ალბისელესტესთან“ 1:0-ს აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში, შთამბეჭდავი თამაშით მოახერხა მეტოქის დამარცხება.
ამ მატჩის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის სამეფო ოჯახმა, ნაკრების მოთამაშეებისა და მწვრთნელების ახალი Rolls Royce Phantom-ებით დასაჩუქრება გადაწყვიტა. მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთი ჩემპიონატს გამოეთიშა და გუნდი შინ დაბრუნდა, გაირკვა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბი იყო.
ამის შესახებ საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა იასერ ალ-მიშელმა კომენტარი ახლახან გააკეთა და თქვა, რომ საუდელები არა პრემიისთვის, არამედ ქვეყნისთვის თამაშობდნენ.
„ეს ჭორებია და სიმართლეს არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, მოთამაშეებმა გარკვეული პრემია მიიღეს. ისინი არა ბონუსებისთვის, არამედ თავიანთი ქვეყნისა და ჩვენი ფეხბურთის ისტორიის დასაწერად თამაშობენ. ბევრი მათგანი ცნობილი არგენტინასთან გამარჯვების შემდეგ გახდა“ – აღნიშნა იასერ ალ-მიშელმა ესპანურ გაზეთ Marca-სთან ინტერვიუში.