კატარი 2022 | ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში - საფრანგეთის ნაკრებმა მაროკო დაამარცხა და არგენტინას შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT
კატარი 2022 | ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში - საფრანგეთის ნაკრებმა მაროკო დაამარცხა და არგენტინას შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT

მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი – საფრანგეთის ნაკრები კატარის მუნდიალის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ამ ჩემპიონატის ნამდვილ აღმოჩენას, მაროკოს დაუპირისპირდა, 2:0 მოუგო და 18 დეკემბერს ფინალურ მატჩში არგენტინის ნაკრებს შეხვდება.

ფინალური მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ერთი დღით ადრე, 17 დეკემბერს, ასევე 19:00 საათზე ხორვატიისა და მაროკოს ნაკრებები მესამე ადგილისთვის მატჩში შეხვდებიან ერთმანეთს. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

მაროკოსა და საფრანგეთის ნაკრებები აქამდე ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ხუთივე თამაში ამხანაგური იყო. სტატისტიკა ფრანგების მხარესაა – მათ სამი თამაში მოიგეს, ორი კი ფრედ დასრულდა.

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრები მეორე აფრიკული გუნდია, რომელსაც საფრანგეთის ნაკრები შეხვდა (შეგახსენებთ, ჯგუფურ ეტაპზე ფრანგები ტუნისთან 0:1 დამარცხდნენ). აქამდე მუნდიალების ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, ერთი და იგივე ნაკრები ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე აფრიკის ორ სხვადასხვა წარმომადგენელთან დამარცხებულიყო.

შეხვედრა მაროკოლეთათვის არცთუ სასიამოვნოდ დაიწყო. მართალია, პირველ წუთებში ბურთს უფრო ხშირად ისინი აკონტროლებდნენ, მაგრამ მე-5 წუთზე ფრანგებს სწარფი კონტრშეტევის განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ და შანსი გამოიყენეს – გრიზმანმა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაკიდა ბურთი, მაროკოელთა საჯარიმოში არეულობით კარგად ისარგებლა ტეო ერნანდესმა და ანგარიში გახსნა – 1:0.

გოლის შემდეგ მცირე უპირატესობას კვლავ ფრანგები ფლობდნენ, თუმცა რეალური მომენტი აფრიკელებმა შექმნეს – მაზრაუის დარტყმული ლორისმა მოიგერია.

მე-16 წუთზე ფრანგებს მეორე გოლის გატანის შესაძლებლობაც ჰქონდათ, მაგრამ ჟირუს დარტყმული ძელს მოხვდა.

მაროკოელები უფრო მეტად გააქტიურდნენ და თამაშის სადავეებიც მათ მხარეს გადავიდა. აფრიკელები ტერიტორიულ უპირატესობას დაუფლნენ და ფრანგი გულშემატკივარი რამდენიმე ეპიზოდში საკმაოდ ანერვიულეს. განსაკუთრებით სახიფათო ტაიმის ბოლოს შექმნილი მომენტი იყო, როცა ჯავად ელ იამიქი მაკრატელათი ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ ბურთი ჯერ ლორისმა მოიგერია, შემდეგ ძელს მოხვდა და საფრანგეთის ნაკრები რეალურ საფრთხეს გადაურჩა.

მეორე ტაიმი მაროკოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, რასაც ხელი მაროკოელთა მთავარი მწვრთნელის, ვალიდ რეგრაგის ცვლილებებმაც შეუწყო. მაროკო დიდი ძალებით წავიდა შეტევაში. საფრანგეთი, ძირითადად, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ფიქრობდა და კონტრშეტევაზე ცდილობდა მეტოქის კართან ხიფათის შექმნას.

79-ე წუთზე „სამფეროვნებმა“ ამ შეხვედრაში საბოლოო წერტილი დასვეს. საჯარიმოში კილიან მბაპემ შესანიშნავად ითამაშა, რამდენიმე მეტოქე მოატყუა, რიკოშეტის შემდეგ ბურთი შეცვლაზე შესულ რანდალ კოლო-მუანის მიუვიდა, რომელმაც ცარიელ კარში შეაგორა – 2:0.

საფრანგეთის ნაკრებმა მეშვიდედ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში და აქედან ოთხჯერ (1998, 2006, 2018, 2022) ფინალის საგზური მოიპოვა. მაროკომ კი კატარში ისტორია უკვე დაწერა – გახდა პირველი აფრიკული ნაკრები, რომელიც მუნდილის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.