კატარი 2022 | უგო ლორისი - მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მოკრივეების დაპირისპირებას ჰგავდა #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების მეკარემ, უგო ლორისმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინასთან თავისი გუნდის დამარცხებაზე ისაუბრა. ძირითად დროში გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს – 2:2, დამატებით დროში თითო-თითო გოლი გაიტანეს, პენალტების სერიაში კი სამხრეთამერიკელებმა გაიმარჯვეს.
„ეს მტკივნეული წაგება იყო. პირველ ტაიმში მთლიანად დავთმეთ თამაში, ბევრი შეცდომა დავუშვით, ბურთს ხშირად ვკარგავდით და ორთაბძოლებს ვერ ვიგებდით. ამ დროს არგენტინა სამართლიანად დაწინაურდა.
მაგრამ მეორე ტაიმში კილიან მბაპემ თავისი ნიჭი გამოავლინა და ანგარიში გაათანაბრა. ეს მატჩი რაღაცით მოკრივეების დაპირისპირებას ჰგავდა, ხან ერთი ურტყამდა, ხან – მეორე“, – განაცხადა უგო ლორისმა RMC Sport-თან ინტერვიუში.
არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ტიტული მოიპოვა და ამ მაჩვენებლით საფრანგეთისა და ურუგვაის გუნდებს გადაასწრო, რომლებიც ორგზის მსოფლიო ჩემპიონები არიან. ლიდერი ბრაზილიის ნაკრებია – „სელესაოს“ ანგარიშზე ხუთი ტიტულია, ოთხ-ოთხჯერ კი მსოფლიო ჩემპიონები გერმანია და იტალია გახდნენ.