კატარი 2022 | სტოიკოვიჩმა შვეიცარიის ნაკრებს გამარჯვება მიულოცა - შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ სერბეთის ნაკრებში ვრჩები #1TVSPORT
სერბეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა, დრაგან სტოიკოვიჩმა შვეიცარიასთან წაგების (2:3) შემდეგ მეტოქე ღირსეულად დააფასა, კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე შედეგით უკმაყოფილება გამოხატა და აღნიშნა, რომ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ნაკრებში დარჩება.
მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი სერბეთმა შვეიცარიასთან წააგო და მერვედფინალში გასვლა ვერ მოახერხა.
„მინდა, შვეიცარიის ნაკრებს დამსახურებული გამარჯვება მივულოცო. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი შედეგით. ტურნირის დაწყებიდანვე ბევრი საკადრო პრობლემა გვქონდა, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, ყველაფერი გააკეთეს წარმატების მისაღწევად. ეს არ არის ამ დონისთვის საკმარისი, მაგრამ არსებობს მიზეზები, რის გამოც ასე მოხდა.
რაც შეეხება ჩემს მომავალს, რა თქმა უნდა, ვრჩები სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მარტში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშები გველის. შვეიცარიასთან მარცხის შემდეგ გასახდელში ჩემს ფეხბურთელებს ხელი გავუწოდე და ვუთხარი, რომ მაშინაც კი, როცა კარგად არ ვართ, დიდსულოვნები უნდა ვიყოთ“ – განაცხადა სტოიკოვიჩმა პრესკონფერენციაზე.