კატარი 2022 | სერხიო ბუსკეტსი რეკორდსმენებს მიუახლოვდა - ესპანეთის ნაკრებმა შედეგიანობის მაჩვენებელი გააუმჯობესა #1TVSPORT
27 ნოემბერს კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში ესპანეთის ნაკრები გერმანიას შეხვდა და 1:1 ითამაშა.
ესპანელთა შემადგენლობაში პირველივე წუთებიდან მოედანზე იყო კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-15 თამაში ჩაატარა. ამ მაჩვენებლით ის ყოფილ თანაგუნდელს, ჩავის გაუთანაბრდა და რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა — „ფურია როხას“ შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატებზე სერხიო რამოსსა და იკერ კასილიასს — 17-17, ხოლო ანდონი სუბისარეტას 16 მატჩი აქვთ ჩატარებული.
ბუსკეტსს შანსი აქვს, აღნიშნული რეკორდი წელსვე გაიმეოროს, რადგან, დიდი ალბათობით, ესპანეთი მერვედფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს. თუ „ბარსელონას“ ნახევარმცველს ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს და კატარში მინიმუმ ორ თამაშს კიდევ ჩაატარებს, კასილიასსა და რამოსს დაეწევა.
აღსანიშნავია, რომ გერმანიასთან გატანილი გოლი ისტორიული — მე-8 გამოდგა ესპანეთის ნაკრებისთვის, რომელმაც პირველ ტურში კოსტა რიკა 7:0 დაამარცხა. აქამდე ესპანეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ამდენი გოლი არასოდეს გაეტანა. 2010 წლის მუნდიალზე, როდესაც ჩემპიონები გახდნენ, ესპანელები შვიდი გოლით შემოიფარგლნენ, რაც მათი რეკორდი იყო.