კატარი 2022 | სერჟიო კოშტა - ბრაზილიასთან ძალიან რთული თამაში იქნება #1TVSPORT
სამხრეთ კორეის ნაკრების მთავარი მწვრთნელი პაულუ ბენტუ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ (2:1), დისკვალიფიკაციის გამო სათადარიგოთა სკამზე არ იმყოფებოდა. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი მისმა ასისტენტმა, სერჟიო კოშტამ გააკეთა.
„ძალიან ბედნიერები ვართ. იმის გამო, რაც ამ სამ თამაშში გავაკეთეთ, ქებას ვიმსახურებთ. გამარჯვებას კორეელ ხალხს ვუძღვნით, ვინც ტურნირის განმავლობაში გვერდში გვიდგას და გვქომაგობს. ასევე ეს გამარჯვება მთავარ მწვრთნელს, პაულუ ბენტუს ეძღვნება.
პლეი-ოფში, ბრაზილიასთან ძალიან რთული თამაში იქნება, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ დასვენებასა და ძალების აღდგენაზე. ამის შემდეგ მერვედფინალის სათამაშო გეგმას მოვამზადებთ.
ისევე როგორც ყველა გუნდი, ჩვენც შევისწავლით მეტოქის სუსტ და ძლიერ მხარეებს. მოვარგებთ ჩვენს მახასიათებლებს იმის გათვალისწინებით, როგორი შეიძლება წარიმართოს მათი თამაში“, – განაცხადა კორეელთა მწვრთნელმა Reuters-თან საუბრის დროს.