კატარი 2022 | სენეგალის ნაკრების ფეხბურთელებმა ეკვადორთან გამარჯვება პაპა ბუბა დიოპის ხსოვნას მიუძღვნეს #1TVSPORT
სენეგალის ნაკრების კაპიტანმა, კალიდუ კულიბალიმ, რომელმაც ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში ეკვადორის ნაკრებთან (2:1), გამარჯვების გოლი გაიტანა, განაცხადა, რომ გუნდმა ეს წარმატება სენეგალის ფეხბურთის ლეგენდის, პაპა ბუბა დიოპის ხსოვნას მიუძღვნა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატებზე სენეგალის ნაკრების პირველი გოლის ავტორი ორი წლის წინ გარდაიცვალა.
„ეს განსაკუთრებული დღე იყო სენეგალელებისთვის. გამარჯვებას პაპა ბუბა დიოპის ხსოვნას ვუძღვნით. მან სენეგალის ფეხბურთისთვის ბევრი რამ გააკეთა, მისი გარდაცვალება ჩვენთვის დიდი დანაკლისი იყო“, – უთხრა კულიბალიმ beIN Sports-ს.
სენეგალის ნაკრებმა A ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და კატარის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში გავიდა. კულიბალიმ ამის შესახებაც ისაუბრა: „პირველი მატჩის შემდეგ აუტსაიდერებად მიგვიჩნიეს, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავში ეჭვი არ შეგვპარვია. ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეკვადორელებმა ანგარიში გაათანაბრეს, ბოლომდე გვჯეროდა საკუთარი თავის და მიზანს მივაღწიეთ“.
კულიბალიმ სადიო მანეს არყოფნაც ახსენა: „მანეს გარეშე თამაში ძალიან რთული იყო. ის ჩვენი ვარსკვლავი და ნაკრების ლიდერია, მის გარეშე კიდევ უფრო მეტი შრომა დაგვჭირდა. საერთო წარმატებაში წვლილი ყველას მიუძღვის“.