კატარი 2022 | საფრანგეთისა და მაროკოს დაპირისპირებათა ისტორია - აფრიკელებს სიურპრიზები უყვართ, მათთან ზიდანის ნაკრებსაც უჭირდა #1TVSPORT
კატარი 2022 | საფრანგეთისა და მაროკოს დაპირისპირებათა ისტორია - აფრიკელებს სიურპრიზები უყვართ, მათთან ზიდანის ნაკრებსაც უჭირდა #1TVSPORT

14 დეკემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში, ერთმანეთს საფრანგეთისა და მაროკოს ნაკრებები დაუპირისპირდებიან. გულშემატკივრებს დააინტერესებს ამ გუნდების შეხვედრების ისტორია. აფრიკელებს სიურპრიზები რომ უყვართ, ამ მსოფლიო ჩემპიონატზეც არაერთხელ დაამტკიცეს.

პირველად გუნდები 1988 წელს, მონტე კარლოში ჩატარებული საგამოფენო ტურნირის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და ფრანგებმა მეტოქე 2:1 დაამარცხეს.

გაცილებით საინტერესო გამოდგა შეხვედრა, რომელიც ათი წლის შემდეგ, 1998 წელს კასაბლანკაში გაიმართა. მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი თვით ადრე, ზიდანით, ბლანით, დეშამით, ლებეფითა და სხვა სუპერვარსკვლავებით დაკომპლექტებული საფრანგეთის ნაკრები, საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღბად მაროკოში ჩავიდა. მასპინძლებთან მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, ფრანგებმა მხოლოდ პენალტების სერიაში მოიგეს.

მაშინ ემე ჟაკემ სარეზერვო შემადგენლობიდან ბევრი ფეხბურთელი ათამაშა – კერძოდ, მან მოედანზე შეუშვა ნიჭიერი ტიერი ანრი. მაროკოს ნაკრები ამ მატჩისთვის საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ანრი მიშელმა მოამზადა. ის მატჩი აფრიკელებისთვის უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე უბრალოდ ამხანაგური თამაში.

მომდევნო წლებში ამ ნაკრებებს შორის კიდევ ორი ​​საკონტროლო თამაში გაიმართა და ორივე ფრანგებმა მოიგეს. თუ მარსელში იური ჯორკაეფის გოლით მინიმალური გამარჯვება მოიპოვეს (1:0), კასაბლანკაში სტუმრობა მსოფლიო ჩემპიონებმა ღირსეულად ჩაატარეს. მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილმა მაროკოელმა ფეხბურთელმა ნურედინ ნაიბეტმა ანგარიში საჯარიმო დარტყმით გახსნა, მაგრამ ანრიმ, ჯორკაეფმა, ანელკამ, დუგარიმ და ვილტორდმა თითო გოლი გაიტანეს და მაროკოელები დიდი ანგარიშით დაამარცხეს – 5:1.

მაროკოელებსა და ფრანგებს შორის ბოლო შეხვედრა 2007 წელს გაიმართა და ის მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. მაშინ ძალიან სუსტ მაროკოს ნაკრებთან ფრეს, ევრო 2008-ზე საფრანგეთის ნაკრების ჩავარდნა მოჰყვა, რის შემდეგაც საფრანგეთი განახლების გზას დაადგა…