კატარი 2022 | რობერტო მარტინესმა ბელგიის ნაკრები დატოვა - ჯგუფიდან რომ გავსულიყავით, ჩვენს ნამდვილ შესაძლებლობებს ნახავდით #1TVSPORT
ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატიასთან ფრედ დასრულებული მატჩის (0:0) შემდეგ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რადგან მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვვარდით. ასეთ ტურნირებში შეცდომა ძალიან ძვირად ფასობს. ამ მატჩში ხორვატიაზე უკეთესი გუნდი გვყავდა. ვფიქრობ, ტურნირზე თამაში რომ გაგვეგრძელებინა, ნამდვილ ბელგიას მომავალ თამაშებში იხილავდით“, – განაცხადა მარტინესმა RMC Sport-თან საუბრის დროს.
ბელგიამ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ხორვატიასთან ფრედ 0:0 ითამაშა, მესამე ადგილზე გავიდა და ტურნირს გამოეთიშა. არადა, ჯგუფის ბოლო მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, ბელგია პლეი ოფში გავიდოდა.
რობერტო მარტინესმა განაცხადა, რომ ბელგიის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობას ტოვებს.
„ჩემი მდგომარეობა ნათელია. ეს ბელგიის ნაკრებში ჩემი ბოლო მატჩი იყო. როგორი შედეგისთვისაც არ უნდა მიგვეღწია ამ ტურნირზე, ასეთი გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატამდე მქონდა მიღებული. 2018 წლიდან დიდი სამუშაო გავწიე. პენსიაზე არ გავდივარ, უბრალოდ, ბელგიის ნაკრებში ჩემი საქმიანობა დამთავრდა,“ – განაცხადა მარტინესმა პრესკონფერენციაზე.
ესპანელმა სპეციალისტმა ბელგიის ნაკრები 2016 წელს ჩააბარა, მან ამ პოსტზე მარკ ვილმოტსი შეცვალა. „ევერტონის“, „უიგანისა“ და „სუონსის“ ყოფილმა მწვრთნელმა ბელგიელთა „ოქროს თაობა“ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გაიყვანა, ხოლო ევრო 2020-ზე ბელგიამ მეოთხედფინალში ითამაშა.