კატარი 2022 | რობერტ ლევანდოვსკი - მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლით ბავშვობის ოცნება ავიხდინე [ვიდეო] #1TVSPORT
კატარში, მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში პოლონეთის ნაკრებმა მექსიკასთან 0:0 ითამაშა. იმ შეხვედრაში „ბარსელონას“ პოლონელმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტი ვერ გამოიყენა. პოლონელთა კაპიტანმა „დანაშაული“ საუდის არაბეთთან გატანილი გოლით გამოისყიდა — მისმა გუნდმა 2:0 მოიგო, ლევანდოვსკიმ კი მსოფლიო ჩემპიონატებზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მატჩის შემდეგ 34 წლის ბომბარდირმა აღიარა, რომ მუნდიალის ფინალურ ეტაპზე გატანილი პირველი გოლი მისთვის ემოციური იყო.
„რაც უფრო ასაკში შევდივარ, უფრო ემოციური ვხდები. ეს შეიძლება ჩემთვის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იყოს, რომელსაც ვითამაშებ. მას შემდეგ, რაც გოლი გავიტანე, ყველაფერმა თავლწინ გამირბინა და შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვობის ოცნება ავიხდინე”, – თქვა რობერტ ლევანდოვსკიმ პრესკონფერენციაზე.
კაპიტნის გოლს პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩესლავ მიხნევიჩიც გამოეხმაურა: „არ მიკვირს, რომ ლევანდოვსკიმ გოლი ასე ემოციურად აღნიშნა, რადგან ვიცი, წინა მატჩის შემდეგ როგორი გულდაწყვეტილი იყო. რობერტს მთელი გუნდი მხარს უჭერდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან წინა თამაშში გაცუდებული პენალტის შემდეგ ჩვენმა კაპიტანმა საუდის არაბეთთან შესანიშნავი თამაში ჩაატარა“.