კატარი 2022 | მესის მორიგი რეკორდი - საგოლე პასი ზედიზედ მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატზე
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩში მექსიკასთან (2:0) ჯერ ანგარიში გახსნა, შემდეგ კი საგოლე გადაცემა შეასრულა და ამით პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე მინიმუმ ერთი საგოლე პასი გააკეთა.
2006 წლის მუნდიალიდან მოყოლებული, მესის ანგარიშზე, ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსი საგოლე გადაცემაა – პირველად მან ეს 2006 წელს, მაშინდელი სერბეთი-მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ მატჩში გააკეთა, შემდეგ თავი გამოიჩინა 2010, 2014, 2018 და 2022 წლის ჩემპიონატებში. მას ჯამში არგენტინის ნაკრებში 51 საგოლე პასი აქვს შესრულებული.
მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მექსიკასთან გოლით პირადი რეკორდიც დაამყარა – არგენტინის ნაკრებში 2022 წელს 13 გოლი გაიტანა, რაც მისი საუკეთესო შედეგია კალენდარული წლის განმავლობაში, მანამდე საუკეთესო შედეგი იყო 2012 წელს 12, ხოლო 2021 წელს – 9 გოლი.