კატარი 2022 | მესი მუნდიალის ფინალში გასვლაზე - არგენტინის ნაკრებმა იცის, როგორ წაიკითხოს მეტოქის თამაში #1TVSPORT
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ კომენტარი გააკეთა ნახევარფინალში ხორვატიასთან მოგებასა (3:0) და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლაზე.
„ბევრი სირთულე გამოვიარეთ, მაგრამ, საბოლოოდ, თავი მშვენივრად წარმოვაჩინეთ. ხორვატიასთან გამარჯვების შემდეგ თითოეული ჩვენგანი წარმოუდგენელ ემოციებს განვიცდით. მსიამოვნებს ეს მომენტი და ვამაყობ ყველა არგენტინელით, ვინც სამშობლოში გვიჭერს მხარს.
ვიცოდით, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები არ ვიყავით და არავისთვის არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებდით, მაგრამ შედეგი თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს.
ჩვენ გვყავს ძალიან კარგი სამწვრთნელო შტაბი. ვიცოდით, რომ ბურთის კონტროლი ხორვატების ძლიერი მხარე იყო. არგენტინის ამ გუნდს დიდი ინტელექტი აქვს, რომელმაც იცის, როგორ წაიკითხოს სწორად მეტოქის თამაში.
ყოველთვის მსიამოვნებს საუკეთესო ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში. იოლი არ იყო, მაგრამ გუნდმა მობილიზება მოახერხა და ძალიან ღირსეული თამაში აჩვენა“, – ციტირებს მესის სიტყვებს არგენტინის ნაკრების პრესსამსახური.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 18 დეკემბერს გაიმართება. არგენტინის ნაკრები საფრანგეთი-მაროკოს წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება – მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა 14 დეკემბერს, 23:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.