კატარი 2022 | ლუკა მოდრიჩი - იაპონიასთან მოგება გაგვიჭირდა, ბევრს მოძრაობდნენ და იცოდნენ, რას აკეთებდნენ #1TVSPORT
ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში იაპონიის ნაკრებთან გამარჯვებასა (1:1, 3:1 პენალტებით) და ხორვატიის მეოთხედფინალში გასვლაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, იაპონელების დასამარცხებლად გუნდმა დიდი ენერგია დახარჯა.
„მეოთხედფინალში გავედით, თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა. მეტოქე მოედანზე ბევრს მოძრაობდა და იცოდა, რას აკეთებდა. თანაბარი თამაში იყო, პირველ ტაიმში შანსები რომ გამოგვეყენებინა, გამარჯვება უფრო გაგვიადვილდებოდა.
იაპონიასთან თამაში ძალიან დამღლელი იყო, დიდი ენერგია შევალიეთ. ზედიზედ ოთხი მატჩის ჩატარება ასეთი დატვირთვის ფონზე იოლი არ არის. ახლა უნდა დავისვენოთ და მომდევნო თამაშისთვის მოვემზადოთ.
ძალიან გვიხარია მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩის გამო. ის შესანიშნავი ადამიანი და კარგი მოთამაშეა, რაც ამ მატჩშიც დაამტკიცა და გუნდის მომდევნო ეტაპზე გასვლაში დიდი როლი ითამაშა.
რაც შეეხება ჩემ შესაძლო თამაშს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. ახლა კატარში მიმდინარე მუნდიალზე ვარ ორიენტირებული, დანარჩენს მერე ვნახავთ“, – განაცხადა ლუკა მოდრიჩმა გამოცემა Mundo Deportivo-სთან საუბრის დროს.