კატარი 2022 | ლუკა მოდრიჩი - ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რამ გავაკეთეთ ხორვატული ფეხბურთისთვის #1TVSPORT
ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს.
„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რამ გავაკეთეთ ხორვატული ფეხბურთისთვის. რა თქმა უნდა, ოქროს მედლები გვინდოდა და მიზანთან ისევ ახლოს ვიყავით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი თამაშით, რადგან ხორვატიაში მაინც გამარჯვებულები ვბრუნდებით.
ხორვატია არ არის სასწაული, რომელიც ყოველ 20 წელიწადში წარმატებას აღწევს. ახლა ჩვენ ვერც ტურნირის სიურპრიზს გვიწოდებენ. სამართლიანად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიო ფეხბურთში ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოვყალიბდით.
ჩვენს ფეხბურთს ნათელი მომავალი აქვს. მე ბევრი გამოვიარე და ყველაფერი ვნახე. ხორვატიის ნაკრებში თამაშს ერთა ლიგაზეც განვაგრძობ. ამის შემდეგ გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე“, – განუცხადა მოდრიჩმა Index.hr-ს.
ხორვატიის ნაკრებმა 1998 წლიდან ექვს მუნდიალზე ითამაშა და 3-ჯერ ტურნირის სამ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მათ მესამე ადგილისთვის მატჩში მაროკო 2:1 დაამარცხეს დ ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
ხორვატიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მოიპოვა მედალი: 2018 წელს რუსეთში გამართულ ტურნირზე ზლატკო დალიჩის გაწვრთნილები ფინალში გავიდნენ, სადაც საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდნენ (2:4). პირველად კი ხორვატებმა მედალი 1998 წლის ჩემპიონატზე აიღეს, როდესაც მესამე ადგილი დაიკავეს.