კატარი 2022 | ლიონელ მესის სამი რეკორდი - გაუთანაბრდა მათეუსს, გადაასწრო ბატისტუტას და კიდევ ერთი მაჩვენებელი გააუმჯობესა #1TVSPORT
კატარი 2022 | ლიონელ მესის სამი რეკორდი - გაუთანაბრდა მათეუსს, გადაასწრო ბატისტუტას და კიდევ ერთი მაჩვენებელი გააუმჯობესა #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატიასთან (3:0) გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა, რითიც არგენტინის ფინალში გასვლაში დიდი როლი ითამაშა.

„ალბისელესტეს“ ვარსკვლავმა რამდენიმე რეკორდი გააუმჯობესა. ხორვატიასთან თამაში მესისთვის ​მსოფლიო ჩემპიონატზე 25-ე იყო, ამ მაჩვენებლით ის გერმანელ ლოთარ მათეუსს გაუთანაბრდა.

ფეხბურთელი თამაში
ლიონელ მესი 25
ლოთარ მათეუსი 25
მიროსლავ კლოზე 24
პაოლო მალდინი 23
კრიშტიანო რონალდო 22
დიეგო მარადონა 21
ვლადისლავ ჟმუდა 21
უვე ზეელერი 21

 

მესიმ თანამემამულე გაბრიელ ბატისტუტას შედეგიც გააუმჯობესა. ხორვატიასთან მატჩში ლეომ ანგარიში გახსნა, მსოფლიო ჩემპიონატებზე თავისი მე-11 გოლი გაიტანა და ბატისტუტას გაუსწრო, რომელსაც არგენტინის ნაკრებში 10 გოლი აქვს გატანილი.

ამავე დროს, Opta-ს ცნობით, 35 წლის არგენტინელმა მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა, რადგან გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც მუნდიალის ოთხ მატჩში გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.

მესიმ პირველად ეს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სერბეთთან მატჩში (6:0) შეძლო. დანარჩენ სამ შემთხვევაში მან გოლი და საგოლე პასი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებში – მექსიკასთან (2:0), ნიდერლანდებთან (2:2, 4:3) და ხორვატიასთან (3:0) შეასრულა.

რეკორდს მიუახლოვდა არგენტინის ნაკრებიც, რომელიც მუნდიალის ფინალში მეექვსედ გავიდა. უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ გერმანიისა (8 ფინალი) და ბრაზილიის (7) ეროვნულ გუნდებს აქვთ, მათ შემდეგ მოდის იტალიის (6) ნაკრები.

კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 18 დეკემბერს გაიმართება. არგენტინის ნაკრები საფრანგეთისა და მაროკოს წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება, ეს თამაში  14 დეკემბერს, 23:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.