კატარი 2022 | კონფლიქტი პოლონეთის ნაკრებში - ლევანდოვსკი მიხნევიჩს პრემიების განაწილებაზე ვერ შეუთანხმდა #1TVSPORT
ორშაბათს ვებგვერდ Wirtualna Polska-ს ჟურნალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პოლონეთის ნაკრების წევრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გასვლისთვის პრემიად 30 მილიონ ზლოტს (დაახლოებით 6,4 მილიონი ევრო) მიიღებდნენ, ხოლო პორტალ Przegląd Sportowy-ის ცნობით, გუნდის კაპიტან რობერტ ლევანდოვსკისა და მთავარ მწვრთნელ ჩესლავ მიხნევიჩს პრემიალურების გამო კონფლიქტი ჰქონდათ.
პოლონეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო 16 გუნდს შორის 36-წლიანი შესვენების შემდეგ მოხვდა, მათ ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავეს, მაგრამ მერვედფინალში საფრანგეთთან 1:3 დამარცხდნენ.
კატარში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, პოლონეთის ნაკრებს პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ესტუმრა. Wirtualna Polska-ს ცნობით, ის დაჰპირდა, რომ 1/8 ფინალში გასვლის შემთხვევაში, გუნდი პრემიად 30 მილიონ პოლონურ ზლოტს მიიღებდა, რომელიც ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს შორის უნდა განაწილებულიყო.
ჟურნალისტ ანტონი ბუგაისკის თქმით, სწორედ ფულის განაწილების საკითხმა დააპირისპირა რობერტ ლევანდოვსკი ჩესლავ მიხნევიჩისთან.
„გუნდის გასახდელში პრემიალურების თემა კონფლიქტში გადაიზარდა. მიხნევიჩმა ფეხბურთელებს განუცხადა, რომ მთლიანი თანხიდან 10 მილიონი ზლოტი სამწვრთნელო შტაბს უნდა მიეღო. ლევანდოვსკიმ თქვა, რომ მათი შეთანხმებით, სამწვრთნელო შტაბს მხოლოდ 5 მილიონი ზლოტი ეკუთვნოდა“ – წერს ბუგაისკი.