კატარი 2022 | კობიაშვილი საფრანგეთი-ბრაზილიის ფინალს ელის - გერმანიისა და ესპანეთის სათამაშო სტილმა დრო მოჭამა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნილ ფავორიტებზე ისაუბრა.
„ყველას ჩვენი ხედვა გვაქვს. ურიგო ხარისხის თამაშები არაა. საერთო ჯამში, საფეხბურთო კუთხით, ძალიან საინტერესო მატჩებია.
გერმანიის ნაკრების გამოვარდნას რაც შეეხება, მთავარი პრობლემა ისაა, რომ იქ ფეხბურთის განვითარების ახალი პროგრამა არ არის. თუმცა მასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი რამდენიმე მიზეზის გამო არც მქონდა.
პირველი ის არის, რომ არაფერი შეიცვალა წინა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, როდესაც ასევე ფიასკო განიცადეს. ერთა ლიგა ახლახან მორჩა და შედეგი იქაც ვერ აჩვენეს. პრობლემა ის მგონია, რომ ვერ შეცვალეს ის სტილი, რითიც ისინი წლების წინ დომინირებდნენ.
ეს ესპანეთსაც ეხება. რაღაც პერიოდის შემდეგ ამ სტილმა დრო მოჭამა და არაფერი შეუცვლიათ. გერმანიაში სიახლე მწვრთნელის სახელი და გვარი და პლუს, რამდენიმე სწრაფი მოთამაშის დამატება იყო. თუმცა, იდეა და სტილი იგივე დარჩა.
დღეს ფეხბურთი შეიცვალა და თუ ადრე გამოკვეთილი თავდამსხმელი არ გჭირდებოდა, დღეს ეს აუცილებელია. მუნდიალს თუ გადავხედავთ, ყველა წარმატებულ გუნდს ასეთი მოთამაშე ჰყავს. დღეს კი გერმანიის ნაკრებს თავდამსხმელის პრობლემა აქვს, როდესაც ადრე სულ ჰყავდათ ძლიერი ცენტრფორვარდები – ასეთივე პრობლემა აქვს ესპანეთსაც.
წარმატებას კი, ჩემი აზრით, ის გუნდი მიაღწევს, სადაც პოზიტიური განწყობა და ხალისია. შესაძლოა, ბრაზილიის ნაკრებმა გოლების ცეკვით აღნიშვნით ბევრი გააღიზიანა, მაგრამ ამ გუნდს ეტყობა, რომ იქ ფეხბურთელებს თამაში უხარიათ. ასეთ ტურნირზე ეს და კონცენტრაციაა ყველაზე მნიშვნელოვანი.
მგონია, რომ საფრანგეთი-ბრაზილიის ფინალს ვიხილავთ. ყოველ შემთხვევაში, რასაც ვუყურებთ, კატარში ორი იდეალური გუნდია. თუმცა, შანსი ინგლისსაც აქვს, რომელიც ნამდვილად არაა ისეთი სტილის, ადრე რომ თამაშობდა – ბურთის ჩაწოდებებით. სწრაფი და მობილური გუნდია და კარგი ცენტრალური თავდამსხმელი ჰყავს“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა „ტაიმაუტში“.