კატარი 2022 | ხორვატიული მედია - არგენტინამ ნახევარფინალისთვის „ბინძური გეგმა“ მოამზადა #1TVSPORT
კატარი 2022 | ხორვატიული მედია - არგენტინამ ნახევარფინალისთვის „ბინძური გეგმა“ მოამზადა #1TVSPORT

წამყვანმა ხორვატიულმა სპორტულმა გამოცემამ, Sportske Novosti-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამტკიცებს, რომ არგენტინის ნაკრებმა ხორვატიასთან ნახევარფინალური მატჩისთვის „ბინძური გეგმა“ მოამზადა.

„როგორც ჩვენ შევიტყვეთ, ერთი არგენტინელი ფეხბურთელი ევროპულ კლებში თავის თანაგუნდელებს გამოუტყდა, რომ მათ მისცეს ხორვატების პროვოცირების დავალება. მათ მიიღეს მითითება, როგორ ამოაგდონ ხორვატიის ნაკრები რითმიდან. ეს ფეხბურთელი არგენტინის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში თამაშობს. ის დარწმუნებულია, რომ ხორვატიას გატეხავენ და 60 წუთში მოიგებენ თამაშს.

არგენტინელებს მიაჩნიათ, რომ ჩვენს ზოგიერთ ფეხბურთელს სუსტი ნერვები აქვს, რომ ისინი ვერ შეძლებენ საკუთარი თავის გაკონტროლებას დარტყმების, ჩავლებების, ნათესავების შესახებ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და მსგავსი პროვოკაციების დროს. სამმა არგენტინელმა ფეხბურთელმა მიიღო სპეციალური ინსტრუქცია, როგორ წამოაგონ პროვოკაციაზე სამი ხორვატი ფეხბურთელი, რომლებსაც, არგენტინელთა აზრით, ყველაზე სუსტი ფსიქოლოგიური მომზადება აქვთ“, – წერს Sportske Novosti.