კატარი 2022 | ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი - წაგება დავიმსახურეთ, ახლა უნდა მოვემზადოთ და მესამე ადგილისთვის ვიბრძოლოთ #1TVSPORT
ხორვატიამ არგენტინასთან ნახევარფინალურ მატჩში მტკივნეული მარცხით (0:3), მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ თამაშზე ოცნება დაასრულა. ბალკანელების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა თამაში შეაფასა და განაცხადა, რომ გუნდმა ბრინჯაოს მედლისთვის უნდა იბრძოლოს.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა მივულოცო არგენტინის ნაკრებს ფინალში გასვლა. კარგი მომენტები შევქმენით, ბურთს ფლანგზე ვიღებდით, მაგრამ შეტევებს ვეღარ ვამწვავებდით. სანამ გოლს გავუშვებდით, ყველაფერი კარგად იყო. ძლიერი მეტოქე გვყავდა, სამი გოლი გავუშვით და წაგება დავიმსახურეთ.
რა კომენტარი უნდა გავაკეთო პენალტის ეპიზოდზე? დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ და ამიტომ წუწუნს აზრი აღარ აქვს. წაგებას ფეხბურთელებს ვერ დავაბრალებ. ახლა უნდა გავერთიანდეთ, თავი მაღლა ავწიოთ, მოვემზადოთ და ბრინჯაოს მედლებისთვის ვიბრძოლოთ.
ჩემპიონატის დაწყებამდე ვინმეს რომ ეთქვა, ასეთი შედეგს მივიღებდით, დავთანხმდებოდი, რადგან ეს დიდი წარმატებაა, რომლითაც ვამაყობთ. რაც შეეხება ბროზოვიჩს, მან კუნთის მცირე ტკივილი იგრძნო და ამიტომ შევცვალე. ჩვენი სამედიცინო შტაბი ყველაფერს იღონებს, რომ მარსელო მესამე ადგილისთვის მატჩს მზადყოფნაში შეხვდეს“, – განაცხადა ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა.