კატარი 2022 | იაპონიის გმირი სამურაი დოანი - აზიელების საიდუმლო იარაღი #1TVSPORT
იაპონიის ნაკრები კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ნამდვილი აღმოჩენა გახდა. ამ საოცრად ბრძოლისუნარიანმა გუნდმა, ჯგუფურ ეტაპზე, მსოფლიოს ორი ჩემპიონი გერმანია და ესპანეთი ერთი და იმავე ანგარიშით 2:1 დაამარცხა, ურთულს ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მუნდიალის მერვედფინალში გავიდა.
ამ გამარჯვებებში გუნდმა ხასიათი გამოავლინა – პირველი ტაიმის შემდეგ ორივე შეხვედრას 0:1 აგებდა, მაგრამ ორივე მეტოქეს მეორე ტაიმის მოკლე მონაკვეთებში გატანილი გოლებით აჯობა – გერმანელებთან 8 წუთში (75-დან 83-მდე) გაიტანა, ხოლო ესპანელებთან – კიდევ უფრო ნაკლებში (48-დან 51-მდე).
ორივე წარმატებას საფუძველი „ფრაიბურგის“ შემტევის, რიცუ დოანის გოლებმა ჩაუყარა. დოანი ორივე შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა და გოლების გასატანად, შესაბამისად, 4 და 3 წუთი დასჭირდა. ეს ბიჭი იაპონელთა მწვრთნელის, ჰაჯიმე მორიასუს კოზირად გადაიქცა.
ესპანეთის წინააღმდეგ დოანი თამაშში მეორე ტაიმიდან ტაკეფუსი კუბოს ნაცვლად ჩერთო, მარჯვენა ნახევარმცველის პოზიცია დაიკავა და 48-ე წუთზე აზიელების სენსაციურ გამარჯვებას დაუდო სათავე. პირველი გოლიდან რამდენიმე წუთში დოანმა მეორე საგოლე შეტევაშიც მიიღო მონაწილეობა.
„ფრაიბურგის“ 24 წლის ფორვარდი, რომელმაც ამ მუნდიალზე თითქმის იმდენი გოლი (2) გაიტანა, რამდენიც ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ წინა 29 მატჩში (3), სამშობლოში გამოსვლის შემდეგ, 2017 წლის ზაფხულში, ევროპაში გაემგზავრა. „გამბა ოსაკას“ ფეხბურთელი თავდაპირველად „გრონინგენში“ იჯარით გადავიდა, მაგრამ სეზონი ისე კარგად ჩაატარა (9 გოლით გუნდის მეორე ბომბარდირი გახდა), რომ ნიდერლანდელებმა იაპონური კლუბისგან 1,7 მილიონ ევროდ გამოისყიდეს.
სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, „ეინდჰოვენმა“ „გრონინგენს“ მასში 7,5 მილიონი ევრო გადაუხადა. თუმცა, 2019-20 წლების სეზონში დოანმა მხოლოდ 2 გოლი გაიტანა და ნიდერლანდელებმა იჯარით გერმანულ „არმინიაში“ გაუშვეს. მომდევნო სეზონები დოანმა უფრო შედეგიანად ჩაატარა: 2020-21 წლებში ბილეფელდის გუნდში 5 გოლი გაიტანა. 2021/22 წლების სეზონში, ნიდერლანდებში დაბრუნდა და „ეინდჰოვენში“ თავი რვაჯერ გამოიჩინა.
პირად წარმატებას გუნდურიც დაემატა – დოანი „ეინდჰოვენთან“ ერთად ნიდერლანდების ვიცე-ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა. ზაფხულში ისევ მიიწვიეს გერმანიის ბუნდესლიგაში, სადაც იაპონიის ნაკრების კიდევ რვა ფეხბურთელი თამაშობს.
დოანმა ორჯერ ითამაშა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და კონფერენს ლიგის 1/4 ფინალში. წლეულს, შემოდგომაზე, „ფრაიბურგთან“ ერთად ევროპის ლიგის ჯგუფი მოიგო და გაზაფხულზე პლეი ოფში ითამაშებს. ამას გარდა, იაპონელს ბუნდელიგაში მედლის მოპოვების პერსპექტივაც აქვს – გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში „ფრაიბურგი“ მეორე ადგილზეა, მათზე უკეთესი შედეგი მხოლოდ მიუნხენის „ბაიერნს“ აქვს.
ათლეტურ იაპონელ მოთამაშეს შესანიშნავი დრიბლინგი აქვს, ორივე ფეხით კარგად თამაშობს, რაც კატარშიც არაერთხელ დაამტკიცა. „გრონინგენის“ ყოფილი მწვრთნელი იაპონელს ასე ახასიათებს: „გადამწყვეტ დარტყმამდე გასაოცარ სიმშვიდეს ფლობს. მან იცის, რთულ ვითარებაში გამოსავალი როდის და სად უნდა ეძებოს. რაც შეეხება მენტალიტეტს, ამ მხრივაც ყველაფერი კარგად აქვს – ის არასოდეს წუწუნებს“.