კატარი 2022 | ეკვადორის ნაკრების ლიდერმა, სენეგალთან მარცხის შემდეგ, ცრემლები ვერ შეიკავა [ვიდეო] #1TVSPORT
ეკვადორის ნაკრების თავდამსხმელი ენერ ვალენსია, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, სენეგალთან წაგებისა და კატარის მსოფლიო ჩემპიონატიდან გავარდნის შემდეგ, ემოციებს ვერ გაუმკლავდა.
ვალენსია ჟურნალისტებთან კომენტარის გასაკეთებლად სპეციალურ ზონაში გაჩერდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე სიტყვის თქმა მოახერხა.
„ეს ძალიან რთული მომენტია გუნდისთვის, ფეხბურთელები ამას არ ველოდით“ – ამის შემდეგ მან ცრემლები ვერ შეიკავა. კომენტარი კი დაასრულა სიტყვებით – „დღეს არ გამოგვივიდა“, რის შემდეგაც ბოდიში მოიხადა და ავტობუსისკენ წავიდა.
ეკვადორმა ტურნირი კატართან 2:0 გამარჯვებით დაიწყო – ამ თამაშში ვალენსიამ დუბლი შეასრულა. მე-2 ტურში მან ნიდერლანდებს გაუტანა (1:1). თუმცა ეკვადორელებმა პლეი ოფში გასვლა მაინც ვერ მოახერხეს, რადგან გადამწყვეტ, მესამე ტურის მატჩში, სენეგალთან 1:2 დამარცხდნენ.