კატარი 2022 | დიდიე დეშამი ისტორიაში შევიდა - ინგლისთან მოგება შესანიშნავია, მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრების დამარცხებასა (2:1) და ნახევარფინალში გასვლაზე ისაუბრა.
„საოცარია, ეს იყო შესანიშნავი მატჩი. ჩვენ მოვუგეთ მართლაც ფანტასტიკურ ინგლისის ნაკრებს და უნდა დავტკბეთ ამ მომენტით. ნახევარფინალში ვართ, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, ჩვენ გამარჯვებულის მენტალიტეტი და სულისკვეთება გვაქვს“ – თქვა დეშამმა TF1-ის ეთერში.
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის ინგლისის ნაკრებთან მატჩი ამ პოსტზე მე-17 იყო მსოფლიო ჩემპიონატზე. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 13 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 2-ჯერ დამარცხდა.
მწვრთნელის რანგში მსოფლიო ჩემპიონატებზე მოგებების რაოდენობით, დეშამი ბრაზილიის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, მარიო ზაგალოს (20 მატჩში 13 მოგება) გაუთანაბრდა.
მუნდიალებზე მწვრთნელის რანგში უფრო მეტი მოგება მხოლოდ გერმანელ ჰელმუტ შიონს (25 მატჩი, 16 მოგება) და ბრაზილიელ ლუიშ ფელიპე სკოლარის (21 მატჩი, 14 მოგება) აქვთ.