კატარი 2022 | ჩუამენიმ და ტეო ერნანდესმა ფინალამდე საფრანგეთის ნაკრების ვარჯიში გამოტოვეს #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების ვარჯიში ორელიენ ჩუამენიმ და ტეო ერნანდესმა გამოტოვეს, – ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს.
ცნობილი იყო, რომ ჩუამენი ბარძაყის ტრავმას უჩიოდა, მაგრამ გამოჯანმრთელდა, ხოლო ტეო ერნანდესს მუხლის პრობლემა აქვს. ფეხბურთელები საფრანგეთის ნაკრების ბაზაზე გამოცხადდნენ, მაგრამ სავარჯიშოდ არ გასულან.
„სამფეროვნებს“ საფიქრალი საკმაოდ ბევრი დაუგროვდათ – მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანამდე ვარჯიში გამოტოვეს კინგსლი კომანმა, რაფაელ ვარანმა და იბრაჰიმა კონატემ.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 18 დეკემბერს, ლუსაილის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.