კატარი 2022 | ალბა და ბუსკეტსი უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან - ლუის ენრიკემ „ბარსელონას“ ფეხბურთელები დაიცვა #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში „ბარსელონას“ ფეხბურთელები ჟორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსი ბოლო დროს მათ წინააღმდეგ აგორებული ნეგატიური ტალღისგან დაიცვა.
ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე კოსტა რიკა დაამარცხა (7:0), გერმანიასთან კი ფრე (1:1) ითამაშა. ალბამ და ბუსკეტსმა, რომელთა თამაშს ბოლო დროს ბევრი გულშემატკივარი აკრიტიკებს, ორივე მატჩი სრულად ჩაატარეს.
„ჟორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსი უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან. მათ წინააღმდეგ გარკვეული კამპანია მიმდინარეობს, მაგრამ მე მათ იმიტომ ვენდობი, რომ შესანიშნავად თამაშობენ.
ალბა მსოფლიოში საუკეთესო ფლანგის მცველია, ის შესანიშნავად მოქმედებს მოედნის ბოლო მესამედში. ბუსკეტსი, როგორც ვიცი, სანაკრებო კარიერის დასრულებაზე რამდენიმე წლის წინაც ფიქრობდა. იმედი მაქვს, შევძლებთ, დავარწმუნოთ, რომ მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშოს”, – განაცხადა ლუის ენრიკემ.
ჟორდი ალბამ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 89 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა გააკეთა. სერხიო ბუსკეტსის ანგარიშზე 141 მატჩში 2 გოლი და 9 საგოლე პასია.