კატალონიის სეპარატისტული კოალიცია ბრიუსელში წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს
კატალონიის სეპარატისტული კოალიცია ბრიუსელში წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე კოალიცია ყოფილ ავტონომიურ ლიდერს კარლეს პუიჩდემონს სიმბოლურად რეგიონულ მმართველად აცხადებს.

პუიჩდემონი ბოლო სამი თვეა ბრიუსელში იმყოფება. მის წინააღმდეგ ესპანეთში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე სამი პარტია, მათ შორის ულტრამემარცხენე CUP ბრიუსელში კატალონიის საბჭოს გახსნას აანონსებს. მათ მიერ მომზადებულ კანონპროექტში საუბარია საბჭოზე, რომელიც ავტონომიური საპარლამენტო უმრავლესობის სამ წარმომადგენელს გააერთიანებს. მათი არგუმენტებით, ბრიუსელში წარმომადგენლობის დაარსების შემდეგ, ბელგიაში მყოფი კარლეს პუიჩდემონი კატალონიის მთავრობის ლიდერის პოსტს ლეგიტიმურად დაიკავებს.

2017 წლის 1 ოქტომბერს კატალონიის დამოუკიდებლობის ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ ვითარება 7-მილიონიან რეგიონში გართულდა: 10 ოქტომბერს კარლეს პუიჩდემონის რეგიონულმა მთავრობამ ცალმხრივი დამოუკიდებლობა გამოაცხადა, საპასუხოდ კი ესპანეთის მთავრობამ ცენტრალურმა მთავრობამ ხისტი ზომები მიიღო, – ესპანეთის უახლეს ისტორიაში პირველად 155-ე მუხლი ამოქმედდა, რაც ავტონომიის გაუქმებას და ცენტრისგან პირდაპირ კონტროლს გულისხმობს. შედეგად, მთავრობა დაითხოვეს, 6 ყოფილი მაღალჩინოსანი, მათ შორის მინისტრები, სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დააკავეს.

ოქტომბრის ბოლოს კარლეს პუიჩდემონსა და კიდევ ოთხ ყოფილ საჯარო მოხელეს, რომლებიც ბრიუსელში გაემგზავრნენ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და ბიუჯეტის არამიზნობრივად გაფლანგვაში ბრალი წაუყენეს. დეკემბრის შუა რიცხვებში ბელგიის სასამართლომ კატალონიის ყოფილი ლიდერის ექსტრადირებაზე საქმის განხილვა შეაჩერა.

22 დეკემბერს კატალონიაში რეგიონული არჩევნები გაიმართა. არჩევნებში მცირე სხვაობით დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა გაიმარჯვეს. ისინი რეგიონული მთავრობის მეთაურის პოსტზე ბოლო ორი თვეა მხოლოდ კარლეს პუიჩდემონს განიხილავენ, რასაც ოფიციალური მადრიდი უარყოფითად აფასებს და არალეგიტიმურად ცნობს.