კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერებმა საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები გადაკეტეს
კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერებმა საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები გადაკეტეს

კატალონიაში დამოუკიდებლობის მხარდამჭერმა აქტივისტებმა საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები გადაკეტეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა La Vanguardia ავრცელებს.

ასობით ადამიანი პირველ ოქტომბერს ესპანეთისგან დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის წლისთავს აღნიშნავს.

სეპარატისტული მოძრაობა „რესპუბლიკის დაცვის კომიტეტის“ (CDR) წევრებმა ბარსელონაში გადაკეტეს გზები, ასევე ბლოკირებულია სარკინიგზო სადგურები. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ საფრანგეთ-ესპანეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი. ქალაქის ცენტრში კომპანიების ოფისების კარებზე აქტივისტები აკრავენ პლაკატებს წარწერებით „რესპუბლიკა მშენებლობის სტადიაშია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, „ძირს რეჟიმი. ჩვენ ხმა მივეცით დამოუკიდებლობას“.

ბარსელონაში კვირას, 30 სექტემბერს დამოუკიდებლობის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას 24 ადამიანი დაშავდა, ექვსი კი დააკავეს.

პირველ ოქტომბერს გამართული რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა, რის შემდეგაც რეგიონულმა მთავრობამ კარლეს პუიჩდემონის ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყო. ესპანეთის ხელისუფლებამ რეფერენდუმი არალეგიტიმურად მიიჩნია და მისი შედეგები არ აღიარა. მადრიდმა რეგიონული მთავრობის წევრები დაითხოვა და მათ წინააღმდეგ სასამართლო დევნა დაიწყო. კატალონიის ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე წევრმა, მათ შორის პუიჩდემონმა, ესპანეთი დატოვა.