კატალონიაში დემონსტრაციები გრძელდება
კატალონიაში დემონსტრაციები გრძელდება

კატალონიაში დემონსტრაციები გრძელდება. უკანასკნელი მშვიდობიანი მანიფესტაცია ბარსელონაში გაიმართა. „როიტერის“ ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შეკრებილმა აქტივისტებმა დამოუკიდებლობა, კატალონიელი სეპარატისტების ლიდერების გათავისუფლება მოითხოვეს და დემონსტრაციებზე სამართალდამცველების ქმედებები დაგმეს.

ესპანეთში მასშტაბური დემონსტრაციები 14 ოქტომბერს დაიწყო. ათასობით ადამიანი ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდა, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელი სეპარატისტების ლიდერებს ამბოხის წაქეზებაში დასდო ბრალი და 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.

გასულ კვირას საპროტესტო აქციამ გაცილებით მასშტაბური სახე მიიღო, რაც საბოლოო ჯამში აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. აქტივისტების გარკვეული ნაწილი ბარსელონას ცენტრალურ ნაწილში ავტომობილებს, მოტოციკლებს და ბარიკადებს ცეცხლს უკიდებდა. მათ დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურაც, რის გამოც ბარსელონაში ერთი დღით საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით მუშაობდა. სამართალდამცველებმა აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.