კატალონიაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მოკვლით იმუქრებოდა
კატალონიის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მოკვლით იმუქრებოდა.
კატალონიის პოლიციის განცხადებით, 63 წლის მამაკაცი ჯერ კიდევ სექტემბერში დააკავეს. ის უკმაყოფილო იყო მთავრობის გეგმით, დიქტატორ ფრანკოს ნეშტის ეგზჰუმაციასთან დაკავშირებით.
სამართალდამცველების განცხადებით, მამაკაცს 16 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს, მათ შორის სნაიპერის შაშხანები და ტყვიამფრქვევები.
„ეჭვმიტანილი აშკარად გეგმავდა პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ მოქმედებას“ , – აცხადებენ პოლიციაში.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული მემარჯვენე-რადიკალური პარტიის, „ხმის“ წევრებს პრემიერ-მინისტრის მკვლელობის ორგანიზებაში დახმარებას სთხოვდა. პარტიის ერთ-ერთმა კოორდინატორმა ამის შესახებ პოლიციას აცნობა.