კატალონიაში ბოლო 24 საათში არეულობების შედეგად 200-მდე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ცნობილია, დემონსტრაციები კატალონიის რამდენიმე ქალაქში გაიმართა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სამედიცინო დახმარება 125 აქტივისტს და 74 სამართალდამცველს აღმოუჩინეს.
დემონსტრაციების დროს აქტივისტებმა სამართალდამცავი ორგანოს ოთხი ავტომობილი მწყობრიდან გამოიყვანეს. არეულობის დროს პოლიციამ 51 ადამიანი დააკავა. მათგან 29 ბარსელონაში. ამასთან ერთად, ცნობილი ხდება, რომ სარკინიგზო კომპანიები იძულებულები გახდნენ, დაზიანებების გამო ბარსელონასა და ფიგერასს შორის დაგეგმილი რეისები გადაედოთ.
დღეს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პედრო სანჩესი ძირითადი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდება და ქვეყანაში არსებულ ვითარებას განიხილავს.
ესპანეთში მასშტაბური დემონსტრაციები 14 ოქტომბერს დაიწყო. ათასობით ადამიანი ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდა, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელი სეპარატისტების ლიდერებს ამბოხის წაქეზებაში დასდო ბრალი და 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.