კაშიამ ბათუმის „დინამოსთან“ მატჩზე ისაუბრა - მესმის „სლოვანის“ გულშემატკივრების უკმაყოფილება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, „სლოვანის“ მცველმა გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა ბათუმის „დინამოსთან“ ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციის პირველი შეხვედრის ფრედ (0:0) დასრულებულ მატჩზე. ის მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს დაეთანხმა, რომ გულშემატკივრების უკმაყოფილება მიუღებელი შედეგის გამო ლოგიკური იყო.
„მესმის გულშემატკივრების უკმაყოფილება, რადგან ასეთ მატჩებში გამარჯვებას ელიან. ეს შედეგი კი საკმარისი არაა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. გასაკვირია, რომ რიცხობრივ უპირატესობაში მყოფებმაც მეტოქე ვერ გავტეხეთ. ასეთი თამაში არ შეეფერება ისეთ კლუბს, როგორიც „სლოვანია“. განმეორებითი მატჩი უკეთ უნდა ვითამაშოთ“, – ამბობს კაშია.
საქართველოს ნაკრების გამოცდილმა მცველმა მეტოქის უპირატესობის მიზეზებზეც ისაუბრა:
„ბათუმის „დინამო“ შესანიშნავ ფიზიკურ მდგომარეობაში იყო, ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოში სეზონი მიდის, ჩვენ კი ზაფხულის შესვენების შემდეგ სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი ჩავატარეთ. კონდიციებში შესასვლელად კი მეტი დრო გვჭირდება“.
„სლოვანს“ მეორე მატჩამდე კარგად მოსამზადებლად დიდი დრო არ აქვს. განმეორებითი მატჩი, რომელიც გამარჯვებულს გამოავლენს, ერთი კვირის შემდეგ, ოთხშაბათს, ბათუმის 20 000-კაციან სავსე სტადიონზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ბრატისლავაში პირველ შეხვედრაში მთავარმა არბიტრმა მოედნიდან ბათუმის „დინამოს“ კაპიტანი მამუკა კობახიძე გააძევა. ამის მიუხედავად, საქართველოს ჩემპიონმა შეხვედრა 0:0 დაასრულა და რადგან გია გეგუჩაძის გაწვრთნილები განმეორებით მატჩს საშინაო სტადიონზე გამართავენ, დუელში ფავორიტები არიან.