კაშ პატელი - ვაშინგტონში სროლის შედეგად დაჭრილი ეროვნული გვარდიის ორი ჯარისკაცი კრიტიკულ მდგომარეობაშია, საქმე ფედერალურ დონეზე განიხილება
გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა, კაშ პატელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ეროვნული გვარდიის ორი ჯარისკაცი კრიტიკულ მდგომარეობაშია. პატელის თქმით, დამნაშავეები პასუხს აგებენ.
„ვინაიდან ეს არის თავდასხმა ფედერალურ სამართალდამცველ ოფიცერზე, ეს განიხილება ფედერალურ დონეზე“, – განაცხადა პატელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
იმავე პრესკონფერენციაზე ვაშინგტონის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს იყო „მიზანმიმართული სროლა“.
ამასთან, ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯეფრი კეროლმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი თეთრ სახლთან მოულოდნელად გამოჩნდა და ეროვნული გვარდიის წევრებს ცეცხლი გაუხსნა.
კეროლის თქმით, ინციდენტის დროს ეჭვმიტანილიც დაიჭრა და ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უცნობია თავდასხმის მოტივი და ის, თუ რა იარაღი გამოიყენა ეჭვმიტანილმა.
ცნობისთვის, თეთრ სახლთან ახლოს ეროვნული გვარდიის ორი ჯარისკაცი დაჭრეს. პოლიციაში განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია და შემთხვევის ადგილი უსაფრთხოა. მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელმაც განაცხადა, რომ „ცხოველი, რომელმაც ეროვნული გვარდიის ორ წევრს ესროლა, თავადაც მძიმედ არის დაჭრილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან მაღალ საფასურს გადაიხდის“.