„კარპატის“ ფანების ერთ-ერთი ლიდერი რუსებთან ბრძოლაში დაიღუპა #1TVSPORT
უკრაინის ოლიმპიური კომიტეტის ლვოვის ორგანიზაციამ და ლვოვის „კარპატის“ ფანების ფეისბუქ-გვერდმა სამწუხარო ამბავი გაავრცელა – მარიუპოლში ბრძოლის დროს ლვოვის მკვიდრი, „აზოვის“ ბატალიონის მეომარი ბოჰდან კრილი გარდაიცვალა, რომელიც საფეხბურთო წრეებში ცნობილი ადამიანია – ბოჰდანი პოპულარული უკრაინული კლუბის, ლვოვის „კარპატის“ გულშემატკივართა კლუბის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.
„ბოჰდან კრილი ცნობილი იყო როგორც „ბოდია მეკობრე“ – ლვოვის „კარპატის“ ულტრასების ერთ-ერთი ლიდერი, Pride-ფან ჯგუფის წარმომადგენელი და აქციების ორგანიზატორი. ამავე დროს, ბოჰდანი იყო პოლიტოლოგი. ის მარიუპოლისთვის ბრძოლაში დაიღუპა. ლვოვის რეგიონის ოლიმპიური ოჯახი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს ყველას, ვინც ამ მამაც მეომარს იცნობდა“, – წერია უკრაინის ოლიმპიური კომიტეტის ლვოვის ორგანიზაციის განცხადებაში.
ბოგდან კრილი პირველი არაა სპორტული სამყაროდან, ვინც თავუსფლებისთვის ბრძოლას შეეწირა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ 8 მაისს აზოვსტალისთვის ბრძოლაში კრივში კიევის ჩემპიონი არტემ მოშა გარდაიცვალა.
27 მარტს სამოყვარულო და ვეტერანთა საფეხბურთო გუნდების ყოფილი მოთამაშე ვოლოდიმირ კოლესნიკი დონეცკის ოლქში, ავდიივკას მახლობლად გამართულ ბრძოლაში მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
ირპენისთვის ბრძოლას „ატო-ირპენის“ ფეხბურთელი იგორ სუხიხი შეეწირა, რომელიც ხელჩართულ ბრძოლებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ჩემპიონი და პრიზიორი გახლდათ. ასევე, მარიუპოლის დაცვისას გარდაიცვალა ცნობილი უკრაინელი კიკბოქსიორი მაქსიმ კაგალი. 30 წლის სპორტსმენიც ქალაქს „აზოვის“სპეცდანიშნულების რაზმის შემადგენლობაში იბრძოდა.
11 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი კიკბოქსერი, 29 წლის ევგენი გარდა სიკვდილის შემდეგ ცნობილი დააჯილდოვა – ის 12 აპრილს რუს დამპყრობლებთან ბრძოლას გულიაიპოლთან (ზაპოროჟიეს რაიონი) შეეწირა.