კაროლ ნავროცკი - უკრაინამ, რომელიც ძალიან მამაცურად იცავს თავს რუსეთისგან, ასევე პატივი უნდა სცეს სხვა ქვეყნების ინტერესებს, რომლებიც მას უჭერენ მხარს
კაროლ ნავროცკი - უკრაინამ, რომელიც ძალიან მამაცურად იცავს თავს რუსეთისგან, ასევე პატივი უნდა სცეს სხვა ქვეყნების ინტერესებს, რომლებიც მას უჭერენ მხარს

პოლონეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი ამჟამად ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. ამის შესახებ პოლონეთის არჩეულმა პრეზიდენტმა უნგრულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

კაროლ ნავროცკის თქმით, პოლონეთმა მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას, რადგან მთელი რეგიონისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.

იანვარში პრეზიდენტობის მაშინდელმა კანდიდატმა, კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ ის არ ხედავს უკრაინას „არც ევროკავშირში და არც ნატო-ში“.

„პოლონეთმა უკრაინას მხარი უნდა დაუჭიროს სტრატეგიული და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ეს არის პოსტიმპერიული, ნეოკომუნისტური სახელმწიფო, რომელსაც სათავეში უდგას ომის დამნაშავე ვლადიმირ პუტინი. ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი რუსეთის ფედერაციის მიმართ, სადაც, სხვათა შორის, მე მდევნიან, როგორც ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის პრეზიდენტს. რუსეთში ხუთწლიანი პატიმრობა მემუქრება. ერთი მხრივ, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტში, მაგრამ უკრაინამ უნდა გააცნობიეროს, რომ, მათ შორის, პოლონეთს, უნგრეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებს აქვთ საკუთარი ინტერესები. მაგალითად, პოლონეთს აქვს ასეთი ინტერესი ვოლინის მსხვერპლთა ექსჰუმაციის მიმართ. კამპანიის დროს მე არ დავთანხმდი და როგორც პრეზიდენტი, არ დავთანხმდები უკრაინასთან არაკეთილსინდისიერ კონკურენციას პოლონეთის სოფლის მეურნეობისთვის ან ლოგისტიკური სექტორისთვის. ჩვენ უნდა მივაღწიოთ კომპრომისს და კონსენსუსს ამ საკითხებზე. მე ვუყურებ უკრაინას, როგორც ქვეყანას, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მამაცურად იცავს თავს რუსეთის ფედერაციისგან, ასევე პატივი უნდა სცეს სხვა ქვეყნების ინტერესებს, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს“, – განაცხადა კაროლ ნავროცკიმ.